კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია „ილიას გზა“ გამართა. როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პირველი, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გააკეთებენ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოცემული ცხრა პუნქტის შესრულება იქნება.
„რვა დღის წინ გამოვაცხადეთ კამპანია და დავიწყეთ აქტიური კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან. შევქმენით ალტერნატიული ძალა, რასაც ჰქვია 20-წლიანი მმართველობის ალტერნატივა. ვიცით, რომ 20 წლის განმავლობაში ორი ძალა მართავდა ჩვენს ქვეყანას და სწორედ ამის ალტერნატივაა „ძლიერი საქართველო“. გვინდა, დღეს წამოგიდგინოთ ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რის გაკეთებას ვაპირებთ. გახსოვთ, ის დაპირებები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 12 წლის განვალობაში გააჟღერა. გახსოვთ, 100 ქარხანა, რომელიც შეუსრულებელია, გახსოვთ დაპირება კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, დაპირება ბენზინის ფასის შემცირებაზე, გახსოვთ დაპირება 5 მილიონი თითოეულ სოფელს – ეს ყველაფერი იყო ტყუილზე აგებული.
გვინდა, წარმოგიდგინოთ რეალური გეგმა და ხედვა, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ შეასრულებს თქვენთან ერთად. ამ გეგმას და ხედვას ჩვენ დავარქვით „ილიას გზა“. სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე ნათელი ხედვა, როგორი საქართველო უნდა აშენებულიყო. მისი აზრები როგორც არასდროს დღესაც აქტუალურია.
ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირველი, რასაც გავაკეთებთ, იქნება ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულება ჩვენი ძლიერი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის. ცხრა პუნქტი მოიცავს სწრაფი მოლაპარაკების დაწყებას, საგარეო საკითხების თავიდან გადახედვას და პარტნიორების მობრუნებას საქართველოსკენ, ეს ნიშნავს ყველა იმ სამართლებრივი საკითხების გამოსწორებას, რაც ეხება სასამართლო პროცესებს და ა.შ. ვფიქრობ, ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ევროკავშირთან ძალიან სწრაფი ინტეგრირება, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, რათა ძალიან მალე გახდეს ქვეყანა ევროპის ოჯახის წევრი. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი. მეორე საკითხი იქნება სამუშო ადგილები. 200 ათასი სამუშაო ადგილი გვაკლია, რომ ნორმალური ფუნქციონირება ჰქონდეს ქვეყანას. ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეს ადგილები, ვიცით, როგორ დავამთავროთ ანაკლიის პროექტი, ვიცით, როგორ დავამთავროთ ანაკლიის ქალაქის მშენებლობა. მესამე, ეს არის ბებია-ბაბუების საკითხის გადაწყვეტა. სახელმწიფომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განუცხადოს მათ, რომ არ არიან მიტოვებული. ეს ეხება თითოეული მოქალაქის ოჯახს. 1 000-ლარიანი პენსია, რასაც ვამბობთ, არის აბსოლუტურად შესაძლებელი“, – განაცხადა ხაზარაძემ.