საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის განუმარტა ამერიკელ კოლეგებს, თუ რატომ არ ხვდებოდა მათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი.
„ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით თავადაც შეხვდა სენატორს და კონგრესმენს, თუმცა საუბარი დარჩა საუბრად. “მე მქონდა შეხვედრა პირადად სენატორ ჯინ შაჰინთან, კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს საუბრები რჩება ხოლმე საუბრებად”
კობახიძის თქმით, საქართველო აშშ-ისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
„ჩვენ ვუთხარით კოლეგებს, თუ როგორ ვხედავთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას. ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელი და მთავარი არის ის, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში არ ვიხილოთ ისეთივე პროცესები, რომლებიც ვიხილეთ გასული ოთხი წლის მანძილზე. ამ პრობლემების ფონზე, საჭიროა ურთიერთობების გადატვირთვა და ამას ესაჭიროება სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა. ჩვენი მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ველოდებით საპასუხო ნაბიჯებს ამერიკელი კოლეგების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.