მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მელიას თქმით, ფინანსური სანქციები საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად.
„როდესაც პოლიტიკური კავშირები გაყინულია, როდესაც დასავლური ფული გრანტებისა და ტრანშების სახით აღარ შემოდის, რადგან დარწმუნდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ფულს ავტოკრატიის გაძლიერებას ახმარდა და არა დემოკრატიის განვითარებას, როდესაც უკვე ხელისგულზე დევს, რომ ქოლ-ცენტრების სქემა არის „ქართული ოცნების“, ამაზე ამერიკის შეერთებული შტატები საუბრობს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ფინანსური სანქციები ადრე თუ გვიან არ ასცდებათ. სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული. ეს საჭიროა საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო მეგობრებს „ქართული ოცნების“ მიმართ პოზიცია აქვთ შეცვლილი.
„ჯინ შაჰის პოზიცია აქვს შეცვლილი. 2020 წელს მას არ ეგონა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის, რაც დღეს არის. ეს არის მისასალმებელი, საერთაშორისო მეგობრები ქართველ ხალხს გვიჭერენ მხარს. ქვეყანაში 1-ტურიანი არჩევნებია, რომელიც არ ემსახურება ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესს, დანარჩენი არის ჩვენს ხელთ. კოალიციური მმართველობა ახალ პოლიტიკურ კულტურას ჩამოაყალიბებს, სადაც ვერც ერთი პოლიტიკოსი ქვეყანას თავზე ვეღარ წამოასკუპდება“,- განაცხადა მელიამ.