უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე პიტერ სტანომ კომენტარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტსა და 92 დასახლებას აკონტროლებენ.
„უკრაინა სასტიკი აგრესორის წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებს, რომელიც მესამე წელია გრძელდება. რასაც ჩვენ ბრძოლის ველზე ვხედავთ, უკრაინასა თუ რუსეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ პუტინის უკანონო ქმედებების შედეგია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის აბსოლუტური უფლება აქვს და ამას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან არანაირი კავშირი არ აქვს, რადგან ეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის პარალელურ გზას წარმოადგენს“, – განაცხადა პიტერ სტანომ.