„ევოლუშენის“ თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

Published:

„ევოლუშენ საქართველოს“ გაფიცულმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა – ამის შესახებ პროფკავშირის, „ლაბორის“ ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ განაცხადა.

მისი სიტყვებით, 19 წლის ბიჭს არ სურს თავისი ვინაობის გასაჯაროება, რადგან მისმა ოჯახმა არ იცის, რომ მან პირი ამოიკერა. ეს ახალგაზრდა კომპანიაში დაახლოებით ერთი წელია მუშაობს.

„რატომ მივიდა ეს ადამიანი ამ ზომამდე?! ცხრა დღეა, ეს ადამიანები შიმშილობენ და კომპანიის დაქირავებულ ტროლ-ბოტები წერენ ჯგუფებში, რომ თითქოს ეს ადამიანები არ შიმშილობენ. მათი ძალიან დიდი „წვლილია“, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

მისი ინფორმაციით, გაფიცული ასობით თანამშრომლიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას – ოთხმა მიმართა.

ახალგაზრდამ პირი გუშინ, გვიან ამოიკერა. თუმცა მანამდე რამდენიმე წუთით ადრე კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც გაფიცულ თანამშრომლებს მოუწოდა, „ნუ შეუქმნიან საკუთარ თავს და ჯანმრთელობას საფრთხეს, გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, რადგან ამ გზით „ევოლუშენის“ პოზიცია, რომელიც ცხადი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება“.

„ევოლუშენის“ თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება, კომპანიის ცნობით კი – 700-მდე.

გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს “ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე. მიმოწერაში ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფლად მოიხსენიებენ – დასცინიან დილერებს ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონისა თუ კანის ფერის გამო.

შიმშილობის აქცია “ევოლუშენ ჯორჯიაში” სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, გაფიცვის 33-ე დღეს დაიწყო. დღეს შიმშილობის მეცხრე დღეა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img