სუს – საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მესამე მოქალაქეც დააკავეს

Published:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოტობაიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.

დღეს, 21 აგვისტოს, დილას გავრცელებულ განცხადებაში, უწყება ორი პირის – მურთაზ და რემიკო ჭითანავების დაკავებაზე წერდა, თუმცა ცოტა ხნის წინ სუს-მა მეორე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით დაადასტურეს მესამე დაკავებულის შესახებ.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, აფხაზეთის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა” დააკავა რუსეთის 2 მოქალაქე, რომლებიც „აფხაზეთის საზღვრის კვეთას უკანონო დოკუმენტებით ცდილობდნენ” და „რომლებსაც დაეხმარა 1979 წელს დაბადებული არჩილ საქანია”.

  • „საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
  • კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.
  • როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
  • საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img