უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის მოზარდი, რომელიც ტბაში ცუდად გახდა, თბილისში გადაიყვანეს

Published:

დედოფლისწყაროში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის მოზარდი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებარე „ცენტრალური პარკის“ ხელოვნურ ტბაში არასრულწლოვანები ცურავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მოზარდი დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ განმარტა, რომ პაციენტი დედოფლისწყაროდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, კატასტროფის ცენტრმა გადაიყვანა.

„ჩვენთან კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს, გულის ამუშავება მოვახერხეთ. ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და თბილისში გადაიყვანეს“, – თქვა ხათუნა აგლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეტებია, საინტერესოა, როგორ მოხვდნენ მოზარდები პარკში, რომლის მშენებლობაც ჯერ არ არის დასრულებული.

დედოფლისწყაროში 17 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობა 2022 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, პარკში უნდა მოეწყოს სპორტული და საბავშვო მოედნები, რესტორნები, შემეცნებითი და გასართობ ობიექტები, ასევე ხელოვნური ტბა. პროექტის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარია, სამუშაოები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img