საბანკო ასოციაცია – რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Zolotaya Korona-ს კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება

Published:

მოკვლევის შედეგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს Zolotaya Korona-ს კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება. შედეგად, მისი მომსახურება სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის მეშვეობით საქართველოდან რუსეთში და პირიქით, ფულადი გზავნილების განხორციელება უკვე შესაძლებელია.

„Zolotaya Korona-ს მომსახურება დროებით შეფერხებული იყო,რადგან საბანკო-საფინანსო სექტორი სრულად აზუსტებდა Zolotaya Korona-ს კავშირს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქცირებულ სხვა პირთა მიმართებაში. მოკვლების შედეგად, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს Zolotaya Korona-ს კავშირი რომელიმე სანქცირებულ პირთან არ დასტურდება. შედეგად, მისი მომსახურება სრულად აღდგენილია,“-აცხადებს ძნელაძე.

კითხვაზე, Zolotaya Korona-ს მომსახურების შეზღუდვა დაკავშირებული იყო თუ არა სანქციებთან, ძნელაძე განმარტავს, რომ ეს დაკავშირებული იყო გადამოწმებასთან.

„არსებობდა გარკვეული რისკი კავშირთან მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ რა ინფორმაციაც მე მაქვს, განახლდა სანქცირებულ პირთა სია და ამის დაზუსტება ხდება, თუ რამდენად დაკავშირებული იყო ესა თუ ის პირი Zolotaya Korona-სთან. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ Zolotaya Korona-სთან დაკავშირებული არცერთი პირი არ არის დასანქცირებული,“-აცხადებს ძნელაძე.

შეგახსენებთ, შაბათ-კვირას რამდენიმე ქართულმა ბანკმა, მათ შორის „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ Zolotaya Korona თანამშრომლობა შეწყვიტეს. აღნიშნული მიზეზად კი კომპანიის მისამართით დაწესებული ამერიკული სანქციები სახელდებოდა. საქართველოში შეჩერებულია ფულადი გზავნილების რუსული სისტემების Unistream-ისა და Contact-ის ოპერირება. Unistream-მა საქართველოში გზავნილები 2023 წლის სექტემბრიდან შეაჩერა, Contact-მა კი 2024 წლის მარტიდან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img