თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაია ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.
„ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ეროვნული ინტერესებით. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად არ შეაჩერებს კანონის მოქმედებას, ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ ზიანს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს დემოკრატიისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური ან არ იქნება კანონის სრულად შეჩერების თაობაზე მიღებული, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ჩვენ ხვალ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის სრულად ამოქმედებას და ვეცდებით, რომ მივაღებინოთ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. კანონის სანქციების ნაწილი ამოქმედებას იწყებს 1-ელ სექტემბერს, გონივრულია, რომ [სასამართლომ] 1-ელ სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას 29 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.