ცესკოს მიერ წილისყრაზე მიღებული დადგენილება კანონთან შეუსაბამოა

Published:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კანონთან შეუსაბამოს უწოდებს 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციის გადასანაწილებელი წილისყრა არჩევნების დღის ნაცვლად, არჩევნებამდე 7 დღით ადრე ჩატარდება.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ცვლილება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას აზიანებს და საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.

TI მიუთითებს, რომ საარჩევნო უბანზე ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრა წყვეტს თუ რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს კენჭისყრის დღეს. ასევე, უბანზე წილისყრით ნაწილდებოდა ამომრჩევლის რეგისტრატორის და ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქცია. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ორივე ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მათზეა დამოკიდებული ამომრჩევლის სრულყოფილი ვერიფიცირება, ორჯერ ხმის მიცემის პრევენცია, ამომრჩევლისთვის მარკირების გაკეთება და შემოწმება.

“აქამდე მოქმედი წესით ზემოაღნიშნული პროცედურა არჩევნების დღის დილის 7:00 საათიდან 8:00 საათამდე პერიოდში იმართებოდა. შესაბამისად, ამ პროცედურას აკვირდებოდა ყველა ჩართული მხარე ვისაც არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ყოფინის უფლება აქვს: ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედიების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ეს უზრუნველყოფდა წილისყრის პროცესზე სრულყოფილ დაკვირვებას ყველა საარჩევნო უბანზე. ცესკოს მიერ მიღებული ახალი წესის შედეგად პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ არჩევნებამდე 7 ან მეტი დღით ადრე საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ გახსნილ 3000-ზე მეტ უბანზე, მხოლოდ წილისყრის პროცედურის დასაკვირვებლად მოხდეს მასშტაბური სადამკვირვებლო რესურსის მობილიზება. ცვლილების შედეგად გარანტირებულად დაზიანდება წილისყრის პროცედურაზე დაკვირვების ხარისხი, რაც უდავოდ შეამცირეს პროცესის გამჭვირვალობას.

ცესკოს დადგენილებაში, მისი “კანონიერების” დასასაბუთებლად, მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, “გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები”

ჯერ ერთი, ცესკო უგულებელყოფს იმავე მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ღ1 ქვეპუნქტის დანაწესს, რომლის თანახმად, ცესკო უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს სხვა საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები, გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა”. აღნიშნული გამონაკლისი პირდაპირ უკრძალავს ცესკოს, რაიმე ცვლილება შეიტანოს კენჭისყრის დღის პროცედურებში.

მეორეც, დადგენილებაში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, არ არის დასაბუთებული, რა “გამონაკლის შემთხვევას” ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაში და რატომ იქნებოდა “შეუძლებელი” წილისყრის პროცედურის კენჭისყრის დღეს ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესრულება ან ვადების დაცვა. 2023 წელს ჩატარებულ შუალედურ არჩევნების დროს, სადაც იგივე ელექტრონული ტექნოლოგიები და პროცედურები იყო გამოყენებული, რისი გამოყენებაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დაგეგმილი, წილისყრის პროცედურების ნაწილში პრობლემა არ გამოვლენილა”, – აცხადებს TI. 

საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველო მოუწოდებს ცესკოს, გააუქმოს მიღებული დადგენილება და დაიცვას წილისყრის პროცედურის ჩასატარებლად საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img