აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია იმარჯვებს

Published:

აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ უმრავლესობას მოიპოვებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. „არჩევნები ნაწილობრივ გამჭვირვალე მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას და გავიმარჯვებდით, მაგრამ აქ 1%-იანი გამჭვირვალობაც კი არ არის, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში? – განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მრჩეველმა, მამედ იბრაჰიმმა. ბოიკოტს შეუერთდა კოალიცია „აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო“. მათ არჩევნებს იაფი ფარსი უწოდეს, რომელში მონაწილეობაც, მათი შეფასებით, „არასაჭირო და საზიანოა ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით“.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებზე დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებული იყო 598 საერთაშორისო დამკვირვებელი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img