რუსეთმა აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა

Published:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და “გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა”. შამბას თქმით, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები“.

„1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია…” – განაცხადა შამბამ.

მან კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი “დეპუტატისა” და ოპოზიციონერისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ “დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა სრულიად მოქმედი სანქციაა”. შამბამ მაგალითად მეორე მარიონეტული რეჟიმის – ცხინვალის “პარლამენტის დეპუტატებისთვის” მოქალაქეობის ჩამორთმევა მოიყვანა:

„იცით, ის ყოველთვის გამოიყენება. რატომ წავიდეთ შორს, როცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა, როგორც მას მიაჩნია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ.“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, კრემლმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რეპრესიები დააანონსა და საოკუპაციო რეჟიმს სადამსჯელო ღონისძიებებით დაემუქრა. რუსეთში მოითხოვენ, აფხაზეთმა მიიღოს ე.წ.  “აპარტამენტების კანონი”, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს  აფხაზეთში საკუთრება და ტერიტორიები დაუკანონდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ “კანონპროექტის” მოწინააღმდეგე “დეპუტატებს” და ფინანსური დახმარების გარეშე დარჩება რეგიონი. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img