როგორც ადამიანს არ შეუძლია სამედიცინო სექტორში ვინმეს ევთანაზიის მიზნით მიმართოს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ შეეძლება ვინმეს მიმართოს იმისთვის, რომ საკუთარ სხეულზე ბიოლოგიურ სქესთან დაკავშირებული მანიპულაციები ჩაიტაროს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა განმარტება ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის იმ მუხლთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას ეხება.
უმრავლესობის კანონპროექტით, ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, აღნიშნულ ნორმაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო როგორც სხვას არ აძლევს ევთანაზიის ჩატარების უფლებას, თუ სურს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს, ასევე არ აძლევს სქესის შეცლის მანიპულაციებში ჩარევის უფლებას, იმის მიუხედავად თუ რა სურს ადამიანს, რომ საკუთარ სხეულს დამართოს.
„ამ შემთხვევაში საუბარია არა სქესის შეცვლაზე, არამედ მიკუთვნებაზე. მიკუთვნება არის სუბიექტური დამოკიდებულება, საკუთარი თავი სხვა სქესს მიაკუთვნო… მართალია, საქართველოში სქესის მიკუთვნება სამართლებრივი მნიშვნელობით დაუშვებელი იქნება, მაგრამ შეიძლება ადამიანი სხვა ქვეყანაში წავიდეს – პირობითად ოპერაციას ჩაიტარებს იმისთვის, რომ საკუთარი სხეული სხვა სქესს მიამსგავსოს და სქესის ცვლილება სხვა ქვეყანაში იურიდიულად გააფორმოს. ამიტომაც ტერმინოლოგია ზუსტად არის შერჩეული – ერთი არის ბიოლოგიური სქესი, რომელიც ქრომოსომებით განისაზღვრება და სწორედ ამაში იგულისხმება გენეტიკა. მეორეა, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, რომ ეს არის ცვლილება, არამედ, ეს არის ის, რომ საკუთარი თავი სამართლებრივად და ვიზუალურად მიაკუთვნო, შესაბამისი შედეგებით.
სრულწლოვანს არავინ უშლის, საკუთარ სხეულს შეუძლია დამართოს რაც უნდა. მათ შორის ქართული კანონმდებლობა თვითდაზიანებაზე არავის არ სჯის. ადამიანი თვითმკვლელობაზეც მიდის და არც ეს მცდელობა ისჯება, მაგრამ საქართველოში ევთანაზია დაშვებული არ არის.
ამ შემთხვევაში საუბარია ამ პროცესში სხვის ჩართულობაზე და არა იმაზე, ადამიანი საკუთარ სხეულს რას დამართებს – ადამიანმა საკუთარ სხეულს რაც უნდა ის დამართოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
პარლამენტში ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.
საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით – “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.
უმრავლესობის განმარტებით, „კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა“.
საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას, ხოლო კანონის მოთხოვნების დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.