ადვოკატი – დაკავებისას ეძგვერაძეზე პოლიციამ იძალადა

Published:

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე დაკავებისას პოლიციამ იძალადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტყეშელაძემ აღნიშნა, რომ ეძგვერაძეს სხეულზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და დალურჯებები. ასევე, უფლებადამცველის თქმით, არ მისცეს უფლება, დასწრებოდა ენმ-ის წევრის დაკავებას.

ტყეშელაძე მოუწოდებს საგამოძიებოს, დროულად გამოიძიონ პოლიციის ქმედებები.

“ჩვენ გუშინ ძალიან კარგად ვნახეთ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, ცეცხლსასროლი იარაღებით ადამიანებმა როგორ იძალადეს ირაკლი ეძგვერაძეზე, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი, ასევე არის გლდანის შტაბის ხელმძღვანელი. მასზე მოხდა ძალადობა. როდესაც ირაკლი მოვინახულე, მას ეტყობა ტანზე სისხლნაჟღენთები, დალურჯებები, ასევე კისრის მიდამოებში დალურჯებები და ირაკლი ამბობს, რომ მასზე იძალადეს ავტოფარეხში. ირაკლი ცხოვრობს გლდანში, მას შეუვარდნენ სახლში და სახლში ძალადობდნენ. ადვოკატს არ მომცეს საშუალება, რომ დავსწრებოდი მის დაკავებას, ან ეთქვათ, სად გადაიყვანეს. მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რაც შეიძლება მალე გამოგზავნოს მისი გამომძიებლები და გამოიძიონ პოლიციის არაკანონიერი ქმედება”- ამბობს ადვოკატი. 

ცნობისთვის, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პოლიცია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებას ასრულებდა, რასაც ეძგვერაძე ხელს უშლიდა.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან ეძგვერაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია.

გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ გლდანში, ეძგვერაძის სახლთან დაპირისპირება იყო. 

ეძგვერაძის დაკავებისას ადგილზე მივიდა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ნადირაძე. ნადირაძე ვითარების გარკვევასა და ეძგვერაძის დაკავების მიზეზის გაგებას ცდილობდა. მისი თქმით, სწორედ ამ დროს, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

მოგვიანებით ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ხმაური იყო გლდანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ირაკლი ეძგვერაძეს.

ოპოზიციონერმა მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა. პარტიის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.

ირაკლი ეძგვერაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img