ჰ/კ – MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში 

Published:

აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს.

„ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების მიღწევისთვის მუშაობენ.

MEGOBARI აქტი შექმნილია, რათა ქართველ ხალხს გადამწყვეტი მნიშვნელობის მხარდაჭერა გაუწიოს მათი ქვეყნის ისტორიის ამ გარდამტეხ მომენტში. ველით წარმომადგენელთა პალატაში მის [აქტის] გატარებას”. – წერია კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.

„MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“.

მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება.

აშშ-ში კანონის ძალაში შესვლამდე ინიციირებულმა კანონპროექტმა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიაროს. თავდაპირველად, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს შესასწავლად წარედგინება, რის შემდეგაც კომიტეტი ნიშნავს თარიღს კენჭისყრისთვის, დებატების ან შესწორებებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, პროექტი განსახილველად გადაეცემა სენატს. სენატში კანონპროექტის განხილვა ინიშნება კიდევ ერთ კომიტეტში, რომელიც შემდეგ მართავს მსჯელობას და კენჭისყრას. სენატის მხარდასაჭერადაც საჭიროა უბრალო უმრავლესობა.

საბოლოოდ, თუ არსებობს უთანხმოება კანონმდებლობის ირგვლივ, მის მოგვარებას ცდილობს კონგრესის კონფერენციის კომიტეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. უთანხმოებებზე შეჯერების შემდეგ კანონპროექტი ბრუნდება სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო დადასტურებისთვის, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტს აქვს 10 დღე, რათა ხელი მოაწეროს პროექტს.

კონგრესის სასესიო პერიოდი გაგრძელდება 5 აგვისტომდე, რის შემდეგაც 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება არდადეგები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img