ჩინეთი გამორჩეულად საინტერესო, ახალი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის, დივერსიფიკაციის პოლიტიკისთვის, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ერთად ჩინეთში ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ქვრივიშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდგომ გაზრდილია ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, ასევე მგზავრთნაკადი ორ ქვეყანას შორის.
„ვხედავთ, რომ ინტერესი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ჩინეთიდან მზარდია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ გვყავდეს მეტი ახალი ავიაკომპანია ჩინეთიდან, გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციისა და აეროპორტის მიმართულებით. პეკინში ვიზიტის ფარგლებში ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, რათა დავაინტერესოთ ადგილობრივი ავიაკომპანიები საქართველოში პირდაპირი ფრენების ოპერირებისთვის“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი მარკეტინგული კამპანიები, რათა ხელშესახებად გაიზარდოს მგზავრთნაკადი, ისევე როგორც ტურისტული ნაკადები ჩინეთიდან, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ტურიზმის გაძლიერებაზე.