თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრები დატოვა

Published:

თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს აღარ გაწვრთნის. თანამშრომლობის ვადამდე გაწყვეტის გადაწყვეტილება 56 წლის ქართველმა სპეციალისტმა და კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გეორგოს კუმასმა 13 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

თემურ ქეცბაია, რომელსაც კვიპროსის ნაკრებს 2022 წლიდან წვრთნის და ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებდა, მედიისა და გულშემატკივრების განსაკუთრებული კრიტიკის ქარ-ცეცხლში ერთა ლიგის მე-2 ტურის მატჩის შემდეგ მოექცა, რომელშიც კვიპროსის ეროვნული გუნდი შინ კოსოვოსთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. მანამდე ქეცბაიას შეგირდებმა სტუმრად ლიეტუვას აჯობეს (1:0). შედეგად, ქართველმა სპეციალისტმა ფედერაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა.

“ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან საუბრისას გავცვალეთ შეხედულებები ნაკრების ბოლო ორ და  მანამდე გამართულ შეხვედრებზე. ბატონმა ქეცბაიამ გუნდის თამაშის გაუმჯობესებისა და ატმოსფეროს გაჯანსაღების საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ნაკრებში კარდინალური ცვლილებები იყო საჭირო.

ეჭვი არ გვეპარება, რომ მიუხედავად ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდისა, თემურ ქეცბაია იჩენს პროფესიონალიზმს, სერიოზულობასა და სიყვარულს როგორც ნაკრების, ისე ზოგადად ფეხბურთისადმი. ვინც მას იცნობს, კარგად იცის საქმისადმი მისი დამოკიდებულებისა და მისი ღირსების შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ბატონმა ქეცბაიამ და ვერც ფედერაციამ, ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვერ შეძლო სასურველი შედეგების ჩვენება.

გულითად მადლობას ვუხდით ბატონ თემურ ქეცბაიას და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც პირად, ისე პროფესიონალურ დონეზე”, – ნათქვამია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, თემურ ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერა ანორთოსისში დაიწყო, 2004 წელს კი ის გუნდის მოთამაშე მწვრთნელი გახდა. წარმატებული პერიოდის შემდეგ ქეცბაიამ ანორთოსისი 2009 წელს დატოვა და ოლიმპიაკოსში გადავიდა, თუმცა ბერძნული გრანდიდან მალევე გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ სანამ ის გუნდს წვრთნიდა, ოლიმპიაკოსს გოლი არ გაუშვია. 2009-2014 წლებში ქეცბაია საქართველოს ნაკრების თავკაცი იყო. შემდეგ ის კვიპროსულ აპოელ-ს, ბერძნულ აეკ-ს, რუსულ ორენბურგს წვრთნიდა, ხოლო 2019 წელს ანორთოსისში დაბრუნდა, სადაც 2022 წლამდე იმუშავა, ამის შემდეგ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც 20 შეხვედრაში უხელმძღვანელა (5 მოგება, 2 ფრე, 13 მარცხი).

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img