ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი დაიხურა

Published:

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემაჯამებელ ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ბააკაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, კახაბერ ჭეიშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციის თანახმად, ვახტანგ ბააკაშვილმა ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ განხორციელებულ ახალგაზრდულ ბანაკებზე ისაუბრა. ასევე მადლობა გადაუხადა ბანაკის სათანადო ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ ყველა პირს.

„2024 წელს ანაკლიის ბანაკი 13 ნაკადად განხორციელდა და 3200-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა. მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით. თითო ნაკადზე ბანაკმა უმასპინძლა 18-25 წლის 240 მონაწილეს. ბოლო ნაკადის ფარგლებში ბანაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ.

ბანაკის მიზანია: ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

საბანაკე პროგრამა ხუთდღიანი იყო და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის საჭირო სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. საბანაკე პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები განხორციელდა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, ბანაკის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეროვნულ ბანკთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან და საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

ინფორმაციისთვის: 2024 წელს ახალგაზრდულმა ბანაკებმა (ანაკლია, შაორი, თემატური) 4500-მდე ახალგაზრდას უმასპინძლა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img