საფრანგეთის პარლამენტის ბიურომ ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა დაამტკიცა

Published:

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის, ეროვნული კრების ბიურომ, ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა დაამტკიცა.

„უფლებათა კავშირი რესპუბლიკისთვის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერიკ ჩიოტიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დამტკიცდა 12 ხმით 10-ის წინააღმდეგ. მაკრონის თანამდებობიდან გადაყენების წინადადება მემარცხენე პარტიამ, „დაუმორჩილებელმა საფრანგეთმა“ წამოაყენა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემდგომი ეტაპის ფარგლებში საკითხი განსახილველად იურიდიულ კომისიაში გაიგზავნება, სადაც 73 დეპუტატიდან მემარცხენეებს მხოლოდ 24 ადგილი აქვთ. კომისიაში დამტკიცების შემთხვევაში, 385 დეპუტატისგან შემდგარმა ეროვნული ასამბლეის ორმა მესამედმა მას ორი კვირის განმავლობაში უნდა დაუჭიროს მხარი.

ბოლო ორი ეტაპი ასევე უნდა გაიაროს პარლამენტის ზედა პალატაში – სენატში, სადაც მემარცხენეებს უმრავლესობა არ აქვთ. თუ ტექსტს სენატი დაამტკიცებს (232 ხმა), ორივე პალატა შეიკრიბება ერთობლივ სხდომაზე, რეზოლუციას ორივე პალატის 925 პარლამენტარიდან 617-მა უნდა დაუჭიროს მხარი. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადადგება.

პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ ლიდერმა, ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადა, რომ 21 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. პროცედურის ინიცირების მიუხედავად, მემარცხენე პარტიის გადაწყვეტილება გააკრიტიკა ოპოზიციური პარტიის, „ეროვნული კრების“ წევრმა, მარინ ლე პენმა და განაცხადა, რომ სწორედ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ დაეხმარა ემანუელ მაკრონს 2017 და 2022 წლებში. მარინ ლე პენის მტკიცებით, მემარცხენეების დაყოფის გათვალისწინებით ინიციატივას წარმატების შანსი არ აქვს.

პარტია “დაუმორჩილებელი საფრანგეთი” ამ ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც ემანუელ მაკრონმა საპარლამენტო არჩევნებში მათი კოალიციის გამარჯვების მიუხედავად, მთავრობაში მემარცხენეების მონაწილეობა გამორიცხა. ივლისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მემარცხენე ბლოკმა მოიპოვა ხმების უმრავლესობა და მიიღო 182 მანდატი 577-დან. მაკრონის საპრეზიდენტო კოალიცია „ერთად რესპუბლიკისთვის“ მეორე ადგილზე გავიდა, რომელმაც მიიღო 168 ადგილი ეროვნულ ასამბლეაში. მემარჯვენე „ეროვნული კრება“ თავის რესპუბლიკელ მოკავშირეებთან ერთად პარლამენტში მესამე ძალა გახდა 143 მანდატით. ამდენად, არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მიუღია უმრავლესობა ახალი მთავრობის შესაქმნელად. საფრანგეთის ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრ მიშელ ბარნიეს ხელმძღვანელობით სავარაუდოდ ამ კვირაში გახდება ცნობილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img