ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიში“ კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, – ამის შესახებ წერილს Corriere dello Sport-ი აქვეყნებს.
„ქართველი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ვითარდება, „ნაპოლის“ თამაშში ცენტრალურ როლს ასრულებს და გუნდის გული ხდება. „ნაპოლიში“ 10-ნომრიანი მაისური, მარადიული სიმბოლო, რომელიც ასოცირდება დიეგო მარადონასთან, ხელშეუხებელია და სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიის ხატად. მაგრამ დღეს ლეგენდარული ჩემპიონის სახელობის „სტადიო მარადონაზე“ ხალხს სწორედ ხვიჩა კვარაცხელია ხიბლავს.
ანტონიო კონტემ მტკიცედ უარყო ნებისმიერი შეთავაზება ქართველის თაობაზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ კვარაცხელია გუნდისთვის ფასდაუდებელი რესურსია. ხვიჩაც მას იმედს უმართლებს.
კვარაცხელიას ევოლუცია დაიწყო კონტეს მოსვლასთან ერთად, რომელმაც ის გადააქცია სრულყოფილ მოთამაშედ, რომელიც აღარაა მიჯაჭვული მხოლოდ მარცხენა ფლანგზე, არამედ შეუძლია შემტევი ნახევარმცველის როლიც შეასრულოს.
მანამდე იგივე ცვლილება საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განახორციელა და განმარტა, რომ კვარა მოედანზე გადაწყვეტილების მიმღები გახდა. ის არა მხოლოდ ტაქტიკურად, პიროვნულადაც იზრდება.
კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება „ნაპოლისთვის“ აქტუალური თემაა. დავიწყებული არაა შეთავაზება პსჟ-სგან, რომელიც მზადაა, გადაიხადოს ასტრონომიული თანხა. თუმცა, ნეაპოლელებისთვის პრიორიტეტი ქართველთან ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელებაა“, – წერს გამოცემა.