ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ამბავს საზოგადოების დიდი ნაწილი ეხმიანება. ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი იწერება და ერთ-ერთი, ვინც ამბავს ეხმიანება, მალხაზ მაჩალიკაშვილია.
“არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს.
როცა სრულიად არ ელოდები, მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს.
ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი, რომელიც აღვნიშნე.
ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი. როგორ შეიძლება ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე?! ამაყობდე შენში, რომ მისნაირ მშვენიერ არსებასთან კონტაქტობ და ამავდროულად, გრცხვენოდეს შენი საქციელისა.
ძალიან მტკივა ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა, იღვრება და დაიღვრება.
სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და ჰკიდიხარ. ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. – “მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი სხვებს არ ჰგავხართ”.
ან რატომ არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ?! ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის.
მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ”, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 27 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბექა ჯაიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული.
სანდო წყაროს ინფორმაციით, “ჯაიანი ამტკიცებს, რომ მას მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონია. მისი თქმით, კესარია აბრამიძე მას ცოლად მოყვანას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოების გავრცელებით აშანტაჟებდა. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კესარიამ მართლაც დადო სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო. ჯაიანი ამბობს, აბრამიძესთან ასულმა ვნახე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები და წყობიდან გამოვედიო…“