ასლან ბჟანია – რუსეთის მიერ ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება აფხაზეთის ბევრ მოქალაქეს შეეხება

Published:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება.

„რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ [1-ელი სექტემბრიდან] საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. დაფინანსების პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს – მასწავლებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს, კულტურის მუშაკებს და ბევრ სხვას. ამიტომ, ახლა ამ საკითხს აფხაზეთის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ამუშავებენ“, – განაცხადა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობაში კრიზისს ვერ ხედავს.

„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კრიზისი არ არის და არ იქნება, არის მხარეთა ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს შეთანხმებებიდან, აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ საუბარია, კერძოდ, „მთავრობათაშორის“ შეთანხმებაზე კომერციულ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც რატიფიცირებისთვის ე.წ. პარლამენტშია წარდგენილი.

მისი თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება „ხსნის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.

„ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია, ეკონომიკა სხვანაირად არ მუშაობს. ჩვენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტიციები და ინვესტორი მაშინ მოვა ქვეყანაში, როდესაც მისთვის უსაფრთხოების პირობები შეიქმნება და იქნება ბიზნესის კეთების გარანტიები“, – აღნიშნა ბჟანიამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img