აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა შიმშილობს

Published:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გლდანის მე-8 დაწესებულებაში მე-3 დღეა, რაც შიმშილობს.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ის სადიგოვს ციხეში ხვალ მოინახულებს. ადვოკატის თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი მიგრაციის დეპარტამენტისგან თავშესაფრის მიღებაზე უარია.

„აფგან სადიგოვს პარასკევს მისი მეუღლე შეხვდა, შიმშილობა შაბათს – 21 სექტემბერს დაიწყო. ხვალ ვაპირებ საპატიმროში შესვლას და მეტ დეტალს გავარკვევ. აღნიშნული შიმშილობის დაწყების მიზეზი არის ის, რომ მიგრაციის დეპარტამენტმა მას საერთაშორისო თავშესაფრის მიღებაზე უარი უთხრა. ოფიციალურად, წერილობით დასაბუთებული პასუხი ჩვენთან არ მოსულა, რაღაც ფურცელი მოვიდა აზერბაიჯანულ ენაზე, როგორც აგვიხსნეს, იქ წერია, რომ მას უარი ეთქვა თავშესაფარზე. მიგრაციის დეპარტამენტის დასაბუთებულ პასუხს ველოდებით, რომ შემდეგ სასამართლოს მივმართოთ“, – განაცხადა ნოზაძემ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი საქართველოში მიმდინარე წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა.

აფგან სადიგოვს აზერბაიჯანში მიმდინარე გამოძიების საფუძველზე გამოძალვის ორ ეპიზოდს ედავებიან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img