უკრაინის საფეხბურთო ნაკრებს, რომელსაც უეფა ერთა ლიგის ეგიდით მორიგი მატჩი საქართველოსთან ელის, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.
საუბარია დონეცკის შახტარის კაპიტან ტარას სტეპანენკოზე, რომელმაც ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო. 35 წლის ნახევარმცველი ატალანტასთან საშინაო შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, 63-ე წუთზე კუნთი დაიჭიმა და მინდვრის ნაადრევად დატოვება მოუხდა.
“სტეპანენკოსთან დაკავშირებით იგივე სიტუაცია გვაქვს, რაც ციგანკოვთან. სხვაობა ისაა, რომ ის სპრინტის დროს არ დაშავებულა. ფეხის მკვეთრი მოძრაობა გააკეთა და კუნთი გაიჭიმა. ეს უფრო გადაღლილობის ბრალი უნდა იყოს. ასეთი ტრავმის მორჩენას დაახლოებით 3-4 კვირა სჭირდება, თუმცა, თუკი სტეპანენკოს ასაკს გავითვალისწინებთ, შესაძლოა, ეს დრო უფრო გაიწელოს. მის შემთხვევაში გარისკვა არ ღირს”, – განაცხადა უკრაინელთა სპორტულმა ექიმმა დმიტრი ბაბელიუკმა.
ცნობისთვის, ერთა ლიგის ბოლო ტურში, ჩეხეთთან მატჩში, სტეპანენკო უკრაინის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყო და მინდორზე 81 წუთი გაატარა, ალბანეთთა თამაშში კი სათადარიგოთა შორის გახლდათ. ის ქვეყნის ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან ირიცხება და 85 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, გასულ ევროპის ჩემპიონატზე კი ნაკრების კაპიტნის რანგში მოგვევლინა.