ბუდაპეშტის მტკ-ის ცენტრალური მცველი, ილია ბერიაშვილი ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა Sofascore-მა ტურის მოთამაშედ დაასახელა და სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
26 წლის ფეხბურთელი უნგრეთის ჩემპიონატში „კეჩკემეტთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მოწინააღმდეგის არაერთი სახიფათო შეტევა ჩაშალა, 87-ე წუთზე კი მეტოქეს მესამე ბურთი გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბერიაშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე გოლი მიითვალა, sofascore-მა მისი თამაში 8.6 ქულით შეაფასა, რაც უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ბერიაშვილი თელავში დაიბადა. კარიერა 16 წლის ასაკში თელავის „კახეთში“ დაიწყო, საიდანც გურჯაანის „ალაზანში“ გადავიდა, მაგრამ გულშემატკივარმა იგი „თელავიდან“ გაიცნო, რომლის ფორმითაც ეროვნულ ლიგაში 2017–2021 წლებში გამოდიოდა.
2023 წელს უნგრულ „მეზოკოვეშდში“ ჩაირიცხა, საიდანაც 2024 წლის ზაფხულში ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კლუბში, მტკ-ში მიიწვიეს.
ბერიაშვილი 2019-2020 წლებში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა, რომლის ფორმითაც 9 მატჩი ჩაატარა.