ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ინფორმაციას გამოცერმა “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ მომხდარი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა.
გამოცემის თანახმად, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა მოსწავლეზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იქ იმყოფებოდნენ სხვა ბავშვები. მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობდა. გამოცემას ინფორმირებული პირი აუწყებს, რომ ეს ქალი მასწავლებლის ცოლია.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მასწავლებელს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ და საქმის არსებით განხილვა ჯერ არ დაწყებულა.