მწერალთა სახლში ჩატარებულ, საზოგადოება “ქართულის” კონკურსში, ლადო ასათიანის სახელობის პრემია ოთო ფალიანს გადაეცა.
გამარჯვებულს პრემია 3000 ლარის ოდენობით, სიგელი და ლადო ასათიანის მედალი გადაეცა, რომელიც ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნა.
ლადო ასათიანის სახელობის პრემია საზოგადოება “ქართულმა“ წელს 16 აგვისტოს დააარსა და განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.
გამოცხადებულ კონკურსში ოცამდე ახალგაზრდა პოეტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსი 14 წლის გახლდათ. ჟიურის თავმჯდომარეა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ხელმძღვანელი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი მაყვალა გონაშვილი, წევრები: მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე; მწერალი, დრამატურგი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი რეზო კლდიაშვილი და პოეტი, მკვლევარი, დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე.
საზოგადოება “ქართული“, ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ფარგლებში, გამოსცემს ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურულ ალმანახს, რომელშიც კონკურსში მონაწილე ყველა ახალგაზრდა პოეტის მიერ ჟიურისთვის გამოგზავნილი ლექსები გამოქვეყნდება.