საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლი მოგებით დაასრულა – გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო ტურში სომეხი თანატოლების გუნდი 3:1 დაამარცხა.
ქართველმა 17-წლამდელებმა პირველი ორი მატჩი დათმეს – მასპინძელ სლოვენიასთან 1:2, პოლონეთთან კი 0:3 და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით და რეიტინგისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო.
ანგარიში მე-5 წუთზე ანდრია ბართიშვილის გადაცემით გიორგი კობახიძემ გახსნა. 36-ე წუთზე სომხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ჰარუთუნ მოვსისიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ჩვენი მეტოქე 10 ფეხბურთელით დარჩა.
ქართველმა ფეხბურთელებმა რიცხვობრივი უპირატესობით ისარგებლეს – 57-ე წუთზე ბართიშვილმა მეორე გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე სომხებმა სხვაობა დავიდ სიმონიანის გოლით შეამცირეს საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე დავით კაკაშვილმა დააფიქსირა.
პარალელურად მიმდინარე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პოლონეთის ნაკრებმა მასპინძელ სლოვენასთან ფრედ, 2:2 ითამაშა. ორივე გუნდმა 7-7 ქულა დააგროვა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით პირველ ადგილზე პოლონეთი გავიდა. საქართველო მესამეა, ხოლო სომხეთი – მეოთხე.
სომხეთი-საქართველო 1:3
გოლები: 0:1 გ. კობახიძე (5. ბართიშვილის პასით), 0:2 ბართიშვილი (57. გ. კობახიძის პასით), 1:2 სიმონიანი (76. ბეიბუთიანის პასით), 1:3 კაკაშვილი (90).
საქართველო: ასანიძე, შათირიშვილი, ქობულაძე, კუპრავა, ხუციშვილი (65. ი. კობახიძე), გეთიაშვილი, ჯაბურია (80. დიაკონიძე), კაკაშვილი, ბართიშვილი (89. გელაძე), ჯიქია (89. გვარჯალაძე), გ. კობახიძე (65. კირვალიძე).