ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა შეარჩია.
მართალია, დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ანჟერთან“ მატჩი 2:4 დათმო, მაგრამ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა – მისი თამაში ვებგვერდმა 7.8 ქულით შეაფასა. 23 წლის ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მეორე ინტერნეტპორტალმა, whoscored-მაც დაასახელა, რომელმაც დავითაშვილს 7.7 ქულა დაუწერა.
მიქაუტაძე კი „ლიონი“-„ოსერის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ორი გოლი გაიტანა და უგოლო თამაშების სერია შეწყვიტა. გიორგიმ Sofascore-ისგან 9.0 ქულა დაიმსახურა და ტურის ნაკრებში საუკეთესო მოთამაშეთა სამეულში აღმოჩნდა.
ტოპ-5 ლიგის ტურში ქართველებმა ოთხი გოლი გაიტანეს და ორი მოთამაშე სიმბოლურ გუნდში მოხვდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი ფაქტის გახსენება ძალიან რთულია.