საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საუდის არაბეთის განვითარების ფონდთან, ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაცია, როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ფაიზალ მოჰამედ ალ-კატანისთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს დედაქალაქ რიადში მიმდინარე საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე კონფერენციის მნიშვნელობას, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შედეგები და გეგმები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მათივე ცნობით, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის მიერ ქართული მხარის მიერ გაზიარებულ შედეგებს მაღალი შეფასება მიეცა და გამოითქვა მზაობა საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მისაღებად.
„მნიშვნელოვანია, რომ საუდის არაბეთის განვითარების ფონდი ძალიან მდიდარი და დიდი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული. ამ პროგრესისა და მიღწეული შედეგების ფონზე ძალიან საინტერესო იქნება ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და ახალი პროექტების ერთობლივად განხორციელება. ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს. ეს თანამშრომლობა შეიძლება, შეეხებოდეს იმ მრავალფეროვან პროექტებს, რომლებიც გაგვაჩნია, როგორც საგზაო, ასევე წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და რეგიონული განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.
საგზაო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების კონფერენცია ქალაქ რიადში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს და მას საუდის არაბეთის სამეფოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური სერვისების სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის დარგობრივი მინისტრები, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) წარმომადგენლები და შესაბამისი სპეციალისტები.