„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 26 ოქტომბერს დღევანდელი საჩივრების ავტორებმაც კი ვერ დაინახეს ფარულობის პრობლემა, არ ყოფილა საჩივრები ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.
მდინარაძის თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ ვერცერთი რეალური მტკიცებულება რომ ვერ წარმოადგინა, შემდეგ გააკეთა აქცენტი ფარულობაზე.
„ყურადღება მივაქციოთ, რაზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, რა საჩივრებია. საარჩევნო დღეს ვერავინ, დღევანდელი საჩივრის ავტორებმაც კი ვერ დაინახეს ფარულობის პრობლემა. ადამიანები ისე მივიდნენ უბანზე და უკან დაბრუნდნენ, 25 000-ზე მეტმა დამკვირვებელმა ისე ჩაამთავრა საარჩევნო დღე, რომ საჩივარი, პრეტენზია, აღქმა, როგორც მათ უყვართ თქმა, ფარულობასთან და ფარულობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ არ ჰქონიათ. შემდეგ დასხდნენ ტოპ ტვინები, იმსჯელეს დღეების განმავლობაში და მოტვინეს, რომ, მოდი, რადგან მელანი უკან ჩანდა ხშირ შემთხვევაში, ფარულობაზე ხომ არ გავაკეთოთ რეაგირება. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. ერთი სიგიჟე შესთავაზეს საზოგადოებას, რომ 300 000 ხმა ჩაყარესო. 3000-ის მტკიცება რომ დაეწყოთ, იქ შეიძლება რაღაც ეფიქრა ადამიანს, საღი აზრის ფარგლებში, მაგრამ დაიწყეს მტკიცება, 300 000 ხმაო. აქ თავადაც მიხვდნენ, რომ როცა ერთი რეალური ფაქტი და მტკიცებულება არ ჰქონდათ, ამის მტკიცება შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. ვიღაცას თუ დააჯერებდნენ ასე პიარულად, დააჯერებდნენ, მაგრამ ფორმალური თვალსაზრისით, სხვა საჩივრების დაწერა იყო აუცილებელი, ასე გადაწყვიტეს ტოპ ტვინებმა და დაიწერა საჩივრები ფარულობაზე. ის მოსამართლე, რომელმაც დაარღვია სამოსამართლეო ეთიკის ყველანაირი ზღვარი, ნორმა, გუშინ „ტვ პირველის“, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი არხის ეთერში დაჯდა, ინტერვიუები მისცა პირდაპირ ეთერში წამყვანებს. ანუ, მოსამართლის ჩარჩოებიდან აბსოლუტურად გავიდა. ექსპერიმენტები ატარა და წამის მეასედის სიზუსტით რომ შედის აპარატში ფურცელი, იქ რომ ვიღაცამ შეიძლება თვალი მოკრას, თურმე ეს არის ფარულობის დარღვევა. ან მოლდოვის საარჩევნო ყუთებს შეხედონ, ან სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების. იქ თუ უკან რაღაც ჩანს, აზღვევს კონვერტი, 10-ჯერ სქელი და თუ სწორად მოათავსებ, ფარულობის პრობლემა არ არის. შუალედური ექვსი არჩევნებია ჩატარებული და არცერთგან პრობლემა არ ყოფილა, ახლა რატომ გაჩნდა? იმიტომ, რომ ტოპ ტვინებმა ასე გადაწყვიტეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.