ცესკო – 11 უბანზე გენდერული სტატისტიკა არასწორად დამუშავდა

Published:

ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ „არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციული“ განცხადება გააკეთა. ერთი მხრივ, ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა თქვა, რომ 11 საარჩევნო უბანზე გენდერული სტატისტიკა არასწორად დამუშავდა, მეორე მხრივ კი მაინც არასამთავრობო ორგანიზაცია დაადანაშაულა „მანიპილაციური“ განცხადების გავრცელებაში.

„მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან…

11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში“, – თქვა პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა.

ის, რასაც ცესკოს პრესსპიკერმა „მცირედი ცდობილემა“ უწოდა ბაკურიანში ჩატარებულ არჩევნებზე 15%-იანი განსხვავებაა.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ISFED-მა ცესკოდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა გენდერულ ჭრილში არჩევნებისთვის რეგისტრირებული და მასში მონაწილე ამომრჩევლის შესახებ. ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ უბანზე უფრო მეტმა კაცმა მისცა ხმა, ვიდრე საარჩევნო სიაში იყო.

ISFED-ის ცნობით, მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ყვარელში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ დერჩის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის, სამტრედიისა და ნინოწმინდის საარჩევნო უბნებზე.

პრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერს რამდენიმე ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა სტატისტიკურ მონაცემებს შორის უზუსტობაზე.

„ყველაზე მთავარი არის მეორე საკთხი, არჩევნებში მონაწილე ქალებისა და კაცების სტატისტიკა, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საბოლოო შედეგებთან კავშირში არ არის. არც კანონმდებლობა არ მოითხოვს მსგავსი ინფორმაციის შეყვანას“, – თქვა მან პასუხად.

მსგავსი უზუსტობა დაფიქსირდა სამტრედიის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც, სადაც მოქალაქები ხმას ელექტრონულად აძლევდნენ. ცესკოდან ISFED-სთვის მიწოდებულ ცხრილში ეწერა, რომ ამ უბანზე რეგისტრირებული იყო 660 კაცი, ხმა კი 673-მა კაცმა მისცა.

ელექტრონულ უბნებზე არჩევნებში მონაწილე კაცებსა და ქალებს სპეციალური მოწყობილობა თვლიდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.

„მე უკვე განვმარტე, აღნიშნული განმარტება უკვე გავაკეთე. დანარჩენი შეგიძლიათ თავად ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე!.. სხვა კითხვები თუ არსებობს? განმარტება უკვე მოგეცით. სხვას აცალეთ…“ – უთხრა პრესსპიკერმა ჟურნალისტს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.

საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტიც და ოპოზიციონერი ლიდერებიც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img