“ხალხის ძალის” წევრი, ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტში გამართული დებატებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან უსაფუძვლო და უსამართლო კრიტიკა გაჟღერდა, თუმცა, ასევე, იყო საქართველოს განვითარებისა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დადებითი გამოხმაურება.
“ნიშანდობლივი იყო ის არასამართლიანი და უსაფუძვლო კრიტიკა, რომელიც ზოგიერთი ევროპარლამენტარისგან მოვისმინეთ, თუმცა, ასევე, იყო საქართველოს განვითარებისა და საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დადებითი გამოხმაურება, ასევე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის დადებითი შეფასება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს შესახებ ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.
არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა – ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.