თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 თვის წინ მთაწმინდაზე, 25 წლის მამუკა დოლიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ბაჩო სირაძეს 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლი, რომლითაც სირაძეს ბრალი ედებოდა, გადააკვალიფიცირა და პატიმრობა მხოლოდ განზრახ მკვლელობის მუხლით შეუფარდა.
პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის დროს ბაჩო სირაძის თანმხლებ პირსაც. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მსჯავრდებულ ბაჩო სირაძეს საბოლოო სიტყვით არ უსარგებლია.
ოჯახი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, სირაძისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
„უშუალოდ მსროლელი პირის მიმართ სასამართლომ გამოიყენა გათვალისწინებული სანქციით უმაღლესი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო მძღოლის მიმართ თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქმედება ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერ; განზრახ მკვლელობა განხორციელებულია პირთა ჯგუფის მიერ; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა – ტარება განხორციელებულია პირთა ჯგუფის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.
განაჩენს გაასაჩივრებს დაცვის მხარეც.
მსჯავრდებულ ბაჩო სირაძის ადვოკატს სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. კითხვაზე, რატომ არ ისარგებლა ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით, მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგლა და თქვა: „ალბათ, არაფერი ჰქონდა სათქმელი“.
ცნობისთვის, თბილისში ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე 24 წლის მამუკა დოლიძე 2024 წლის 18 თებერვალს მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, ფაქტს წინ უთანხმოება უძღოდა. მომხდარზე სამართალდამცველებმა მეორე დღესვე ორი პირი დააკავეს. მათგან ერთს, ბაჩო სირაძეს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტებზე ჰქონდა წარდგენილი, ხოლო მეორეს – გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე.