ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ის დღეს საბჭოს სხდომაზე რეკომენდაციას გაუწევს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეჩერებას, თუმცა ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანი არჩევნებისთვის მხარდაჭერილი იქნება.
„ცხადია, რომ საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება. ასმილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ თანხას, რომელიც ამ დრომდე მიემართებოდა ხელისუფლებისკენ, ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბედისთვის“, – განაცხადა ბორელმა.