უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა 10 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 134 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეებში შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღის გამოყენების ნება დართო.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ვაშინგტონის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება არის რუსეთის ძალებში ჩრდილოეთ კორეის სახმელეთო ჯარების განლაგების პასუხი.
ასევე, დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინას დიდი რადიუსის მქონე რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენების ნება დართო საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული იარაღი რუსულ სამხედრო სამიზნეებზე იერიშისთვის საზღვრიდან მოშორებით გამოყენების უფლებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა.