ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, პროტესტი შედგა და ის კვლავ უწყევტად გაგრძელდება. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა. გვარამიამ საზოგადოებას მოუწოდა პროტესტს შეუერთდნენ და ჩაანაცვლონ აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს.
“დღევანდელი ღამე შედგა, როგორც პროტესტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღამე, ბოლო წლების ისტორიაში. დიდი მადლობა ამისთვის, არ არის მარტივი ღამის თევა ამ სიცივეში. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეცვლა, რომ არ დავიღალოთ. წინ ხანგრძლივი და დაუღალავი ბრძოლაა, იმისთვის რომ დავიბრუნოთ სამშობლო. ბრძოლა იმისთვის, რასაც საუკუნეებია დაუღალავად ვაკეთებთ – ჩვენ მივდივართ ევროპაში,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ცივა?! მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! – უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში, – ასე მიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს.
მისი თქმით, გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა.
მელიას განცხადებით, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ შეუჩერებელი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით.
“ჩვენ გვჯერა, დღევანდელი დღე, დღევანდელი არაორდინალური საპროტესტო შეკრება იქნება, ალბათ, ერთ-ერთ ისტორიული შეკრება, რომელიც დასაბამი გახდება იმ ინტენსიური, შეუჩერებელი, მძლავრი, მზარდი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც დასრულდება ივანიშვილის რეჟიმის ჩამონგრევით. ჩვენ უნდა ვარყიოთ ის, სანამ არ ჩამოვანგრევთ და ქუჩა, გამზირი არის ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი ახლა ჩვენს ხელთ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ეს პროცესი დასრულდება განმარჯვებით, იმიტომ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას როგორც წარსულის, ასევე, აწმყოს და მომავლის წინაშე. ცივა? მერე რა! გაწვიმდება?! მერე რა! აცივდება?! მერე რა! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს?! თბილისის ქუჩები გადაიკეტება?! გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ქმნის, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნება. ამიტომ უმჯობესია ახლა გავწვალდეთ, ახლა შევუქმნათ ერთმანეთს შეფერხება, ვიდრე ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფო იყოს სტაგნაციაში. მაშასადამე, გელოდებით მეგობრებო, ყველას ამ ლოკაციაზე. გულზე მჯიღის ცემის დრო წავიდა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დრო მოვიდა. ამ ნაბიჯების გადადგმის დღე დღეს იყო, მაგრამ ეს დღე პირველი დღეა და არა უკანასკნელი, “ – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და მათ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავი იყო გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
აქციის ორგანიზატორებს რამდენიმე ადგილზე ცეცხლი ჰქონდათ დანთებული. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნებისა და სკამების საშუალებით გზა ჰქონდათ ჩახერგილი.
მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორები მთელი ღამით ამარაგებდნენ საკვებით, ცხელი ჩაით, ყავითა და თბილი პლედებით.