გიორგი კალანდარიშვილი – არჩევნებიდან 26-ე დღეა და არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, შედეგებზე გავლენა მოეხდინა

Published:

არჩევნების ჩატარებიდან 26-ე დღეა და არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც მიანიშნებდა, რომ სისტემურ დარღვევას ან რაიმე ისეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელსაც შეეძლო არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენა მოეხდინა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფება.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურა სავარაუდო გაყალბების ფაქტზე შესაბამის გამოძიებას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ინსტიტუცია, რა თქმა უნდა, მჭიდროდ თანამშრომლობს პროკურატურასთან. ორი მარტივი მიზეზის გამო, პირველ რიგში, როგორც კოლეგიური ორგანო ადმინისტრაციულ ორგანოსთან, და მეორე რიგში, მნიშვნელოვანი არის, რომ გამოძიების ფარგლებში პროკურატურისთვის მიწოდებული იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ მტკიცებულება, რომელიც პასუხს გასცემს იმ უსაფუძვლო ბრალდებებსა თუ ცრუ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება შესაძლო გაყალბების საქმეებს. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დამიბარეს, რა თქმა უნდა, მყისიერად განხორციელდა ჩემი მოსვლა და მივაწვდი ჩემს ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას პროკურატურას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ფარგლებში. როგორც იცით, მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული გამოძიების ფარგლებში იკითხება სხვადასხვა თანამშრომელი. ვფიქრობ, ეს გამოძიება გაგრძელდება და სხვა პირებიც იქნებიან გამოკითხული, რაც მნიშვნელოვანი იქნება გამოძიების ეფექტიანად განხორციელებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ცესკო გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას, მათ შორის, ყველა იმ უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც გაისმა არჩევნების გაყალბებასა და მანიპულაციასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ვერიფიცირებული და ობიექტური ინფორმაცია ყველა იმ ბრალდების შესახებ, რომელიც განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო პერიოდში ვრცელდება.

„დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და დღევანდელ დღემდე არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც ითხოვდა იმას, რომ სისტემურ დარღვევას ან რაიმე ისეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, რომელსაც შეეძლო რაიმე გავლენა მოეხდინა შედეგებთან დაკავშირებით. უკვე ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, რამდენჯერმე გაიარა ორი ინსტანცია შესაბამისმა საარჩევნო დავებმა, რომლის ფარგლებშიც ასევე დადასტურდა, რომ ფარულობის არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, არანაირ არსებით დარღვევას არ ჰქონია ადგილი, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებთან მიმართებაში. ჩვენ გავაგრძელებთ როგორც საზოგადოების ინფორმირებას, ასევე, რა თქმა უნდა, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img