პროკურორი, ქეთევან ქარჩავა – ნინო ლომჯარიას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია

Published:

პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, განსხვავებული, ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად შეესწრო, არ წარმოუდგენია.

პროკურორის თქმით, ლომჯარია დღევანდელ სხდომაზე თავის ზოგად შეფასებებზე საუბრობდა, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ისედაც წარმოადგენდა გამოძიების საგანს.

„ჩვენ ვკითხავთ ყველა იმ პირს, რომლებმაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, მათ შორის არის დღევანდელი მოწმე. მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ, გასაჩივრდა სასამართლოში. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ ვებ-გვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია.

ჩვენთვის შემოწმების საგანია, მან წარმოადგინა საჩივრები, რომელიც საარჩევნო კომისიაში, ასევე სასამართლოშია წარდგენილი, ყველა საარჩევნო დარღვევა დანაშაული ვერ იქნება, აღნიშნული საჩივრების დახარისხება, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება უნდა მოხდეს. უამრავი მასალაა, რომელიც შესწავლას საჭიროებს“, – აცხადებს ჩაჩავა.

ნინო ლომჯარია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსარჩლის წინაშე საგამოძიებო ორგანოს შეკითხვებს თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img