გიორგი სიორიძე – ცრუ აჟიოტაჟია, როგორც მანამდე ვიყავი ცესკო-ს მთავარი მამხილებელი, ასე ვიქნები ახლაც

Published:

სრულიად ცრუ აჟიოტაჟია, როგორც მანამდე ვიყავი მთავარი მამხილებელი ცესკო-სი და ამ სისტემისა, ახლაც ვიქნები ასე, ვიდრე არ მოხდება გამოძიება იმ სპეცოპერაციისა, რაც 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, – ამის შესახებ ცესკო-ში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, კოალიციის მიერ ცესკო-ს წევრად მისი კანდიდატურის ხელახლა დაყენებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, „ცესკო-ში წევრს ნიშნავს ბარიერგადალახული პარტია და ამ ლოგიკით აღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას?“, – სიორიძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი სასაცილოა.

გიორგი სიორიძე ამბობს, რომ „ძლიერი საქართველო“ არის პირველი პარლამენტის დელეგიტიმაციის პროცესში, მას არაფერზე დაუხევია უკან და ამის დასტური იყო გუშინ სიების ჩახსნა, დღეს კი მანდატებზე უარის თქმა.

„პარტიამ ჩახსნა სიები, უარს ამბობს მანდატებზე და ფორმალურ სამართლებრივად მიმართავს რა თქმა უნდა იმ პარლამენტს, რომელიც იმ არჩევნების შედეგად არალეგიტიმურია, არ აღიარებს და მგონი, სასაცილო იქნება ახლა ასეთი კითხვის დასმა. ბუნებრივია, ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც გვაქვს, მანამდეც გვეკუთვნოდა, ახლაც. „ძლიერი საქართველო“ არის პირველი დელეგიტიმაციის პროცესში, მას არაფერზე დაუხევია უკან, ამის დასტური იყო გუშინ სიების ჩახსნა, დღეს მანდატებზე უარის თქმა. მე, როგორც პროფესიონალი და ამ საქმის ექსპერტი, ვმონაწილეობდი მაშინაც, როცა არანაირი ზეგავლენა არ შემეძლო ცესკო-ზე, ვამხელდი ამ სისტემას, ახლაც ვაპირებ, ვამხილო“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის თქმით, არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებაზე საუბარი თითიდან გამოწოვილია.

„სისულელეა, თითიდან გამოწოვილია ამაზე საუბარი. რომელ ლეგიტიმაციის აღიარებაზეა საუბარი, როდესაც სიები ჩახსნა პარტიამ, მანდატებზე უარს იძახის, გასაჩივრებული აქვს მის წევრებს არჩევნების კონსტიტუციურობა საკონსტიტუციო სასამართლოში, მანამდე მიმართა ყველა ინსტანციას, ახლა ამაზე საუბარი არის სისულელე.

რაც შეეხება ლეგიტიმაციას, არსებობს სამართლებრივი, პოლიტიკური ლეგიტიმაცია, არსებობს თეორიები, მაგ თეორიების მიხედვით, საერთოდ, ბუნებრივია, ვერც მიემართება ვერანაირად ცესკო-ს სიების ჩახსნაზე, ვერც პარლამენტს მანდატების დატოვებაზე. წაიკითხეთ განცხადება, როგორც არის მიმართული ცესკო-სთვის, კიდევ ერთხელ ხდება დეკლარირება, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და რომ არ ვაღიარებთ, მაგას ცესკო-შიც ვიტყვით, ქუჩაშიც და ყველგან. ცესკო-ში ყოფნა ემსახურება იმ მიზანს, რა მიზანსაც ემსახურებოდა სამი წლის განმავლობაში ჩემი პროფესიული მოღვაწეობა იმ ორგანოში, რომელიც არის „ქართული ოცნების“ დეპარტამენტი, სადაც მე სამართლებრივი ბერკეტები არ მქონია მაშინაც კი, როცა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, მაგრამ რასაც ვაკეთებდი ყოველთვის, იყო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც ვერავინ გაიგებდა. წილისყრები რომ გადაიტანეს და ამზადებდნენ იმ სპეცოპერაციას, რასაც 26 ოქტომბერს მოესწრო მთელი საზოგადოება, ამის შესახებ ინფორმაციას მე და ცესკო-ში ჩემი სხვა ოპოზიციონერი კოლეგები ვაწვდიდით, ვამხელდით, ვასაჩივრებდით და ასე შემდეგ. ამის გაგრძელებას ვაპირებ ახლაც“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გუშინ, 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გიორგი სიორიძის ცესკო-ს წევრად ხელახლა დანიშვნის თაობაზე კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ განცხადება დააკმაყოფილა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img