თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოსთან ქალების საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან მიმდინარე აქციებზე მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ.
აქციაზე მყოფმა პირებმა მიმართეს სამართალდამცველებს, რომ ნუ შეასრულებენ უკანონო ბრძანებებს და ნუ სცემენ აქციაზე მყოფ მოქალაქეებს.
ამასთან, ქალებმა აქციაზე წარმოადგინეს სპეცრაზმის მიერ ნაცემი მოქალაქეების ფოტოები.
პროტესტის მონაწილეების თქმით, უხერხულია რომ უწევთ მოთხოვნა, პოლიციამ აღასრულოს კანონი, თუმცა, მათივე თქმით, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დარჩათ.
აქციაზე პოლიციას მიმართა ქალთა უფლებების დამცველმა ბაია პატარაიამ.
„აქ მოვედით ქალები და დედები, შეწუხებული ადამიანები მისთვის, რომ ყოველ საღამოს ჩვენ შვილებს სასტიკად უსწორდებიან და არბევენ. ჩვენ გვაქვს კითხვა, სად არის პოლიცია, ის ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც ჩვენ შვილებს სასტიკად უსწორდებიან, ხართ თუ არა თქვენ? თუ თქვენ არ ხართ, მაშინ გაემიჯნეთ ძალადობას. ნუთუ შეგიძლიათ ასე წყნარად უყუროთ როგორ სცემენ ბავშვებს?!
[თაბუკაშვილის პოლიციიდან] მოდის სწორედ სისასტიკე. 22 წლის ბიჭი არის კომაში და წევს საავადმყოფოში, სად არის შსს-ს პასუხისმგებლობა? მე არ ველაპარაკები ვიღაც „ხარებას“, რომელიც არის კრიმინალი და ჩაჯდება ძალიან ბევრი წლით ციხეში. მე არ ველაპარაკები შსს-ს მაღალჩინოსნებს იმიტომ, რომ ისინი არიან სანქცირებულები, ისინი პირდაპირ არიან პასუხისმგებლები იმ ასობით ნაცემ ადამიანზე. ჩვენ მოგმართავთ თქვენ, ვის სახეებსაც ჩვენ ვხედავთ, ვისაც გირეკავთ, როდესაც ჩვენ დახმარება გვჭირდება, პასუხს გთხოვთ თქვენ, რიგით პოლიციელებს, რას აკეთებთ მაშინ, როდესაც ჩვენ შვილებს ნიღბიანი კრიმინალები სცემენ და ურტყამენ, სად არის თქვენი პასუხისმგებლობა, იღებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას, ემიჯნებით თუ არა ამ ძალადობას, იქნებ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც საღამოს იცვამენ ნიღაბს და გვისწორდებიან ჩვენ? ჩვენ უნდა ვიცოდეთ პასუხები უშუალოდ თქვენგან, ვისაც ვხედავთ, ვისი სახელებიც ვიცით და ვინც არიან ჩვენი ოჯახის წევრები. აირჩიეთ მხარე – ან ხართ კრიმინალური ბანდიტების მხარეს, რომელიც არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, ან ხართ ხალხის მხარეს. ასე ვერ დარჩებით”,- განაცხადა ბაია პატარაიამ.
თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოს გარდა ქალებმა აქცია თბილისში პოლიციის სხვა განყოფილებებთანაც გამართეს.