ადვოკატი, ბექა კვინიკაძე – ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ

Published:

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონ ზურა დათუნაშვილთან იზოლატორში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტები შევლენ.

აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა ბექა კვინიკაძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დათუნაშვილი გუშინ გამომძიებლებმა გამოჰკითხეს, რომელთაც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და დაზიანებებზე ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

კვინიკაძის თქმით, სპორტსმენზე როგორც დაკავების მომენტში, ასევე მანქანაშიც იძალადეს.

„დაზიანებული აქვს მარცხენა თვალი, ყელის არე და მარჯვენა ყური გატეხილი აქვს, სპორტსმენს კაცს ყური გაუტეხეს, ასეთი არაფერი მინახავს… მანქანაში გვერდებსა და თავში იდაყვებს ურტყამდნენ, თავზე კოპები აქვს“, – განაცხადა კვინიკაძემ.

დათუნაშვილს 48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა დღეს, საღამოს საათებში ეწურება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ დაკავებულის საქმეს დიდი ალბათობით სასამართლოში დღესვე შეიტანენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, მას გაათავისუფლებენ და სასამართლო პროცესი სხვა დროს ჩატარდება.

ცნობისთვის, ზურა დათუნაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ის ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი.

ფოტო: მირიან მელაძე

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img