თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს

Published:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის არჩევანი თავისუფლებისა და ევროპული განვითარების ვექტორია, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უპირობო პატივისცემას.

საკუთარი აზრის და სიტყვის მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება არის დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება. მისი ხელყოფის, მით უფრო – ძალადობრივი ხელყოფის, უფლება არავის აქვს. მოძალადე ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ძალადობის და აგრესიის წამხალისებელი კი დამნაშავეა. მედიკოსები ვემსახურებით ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასს – მის სიცოცხლეს, კეთილდღეობას და თავისუფლებას. ამიტომაც, ადამიანის ჯანმრთელობის, ნების, პატივისა და ღირსების შემლახავი ნებისმიერი ქმედება, მიზნისა თუ ფორმის მიუხედავად, ჩვენთვის იყო, არის და იქნება მიუღებელი.

თსსუ ემიჯნება ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას და არაპროპორციული ძალის გამოყენებას როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მიმართ. თსსუ-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გამსჭვალული არიან პროფესიული ვალდებულებებისადმი ერთგულების სულისკვეთებით: ჩვენი კოლეგები და მომავალი კოლეგები უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და ათვისებულ პრაქტიკულ უნარებს იყენებენ აქციებზე დაზარალებულთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

თსსუ-ში უპირველესი საზრუნავი სტუდენტი და მისი საუკეთესო აკადემიური ინტერესია. გამოხატვის თავისუფლება კი ერთ-ერთი ფუნდამენტურია ადამიანის უფლებათა შორის. თსსუ არ წყვეტს აკადემიურ პროცესს და, ამასთანავე, იღებს ვალდებულებას, რომ თითოეული სტუდენტისათვის უზრუნველყოს ცოდნის მიღების მოქნილი, სტუდენტის ინდივიდუალურ აკადემიურ საჭიროებებზე მორგებული გარემოსა და პირობების შექმნა და გაცდენილი მეცადინეობების სანაცვლოდ დამატებითი მეცადინეობების ორგანიზება. ამასთანავე, თსსუ კატეგორიულად გამორიცხავს სტუდენტებისა და თანამშრომლების დისკრიმინაციას პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით.

„ტრადიციებით მომავლისკენ“ – ეს თსსუ-ის არამხოლოდ დევიზი, არამედ განვითარების ფორმულაა. ჩვენი ტრადიციები ევროპულია, მომავალში კი თავს ვხედავთ ძლიერი ევროპული ოჯახის ღირსეულ წევრად. ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარების, განათლების, ჯანდაცვის და სხვა საზოგადოებრივი სიკეთეების განვითარების უალტერნატივო გზა; ეს ჩვენი უპირველესი ეროვნული ინტერესია, განმტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img