უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე

Published:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად აინთება თბილისის მთავარი ნაძვის ხე.

ნაძვის ხის შენახვასა და აწყობაზე პასუხისმგებელი უწყების, “თბილსერვისის” პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ დროისთვის მათთვის არ მიუმართავს მერიის შესაბამის სამსახურს ნაძვის ხის დადგმის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების მოთხოვნით.

„როგორც წესი, მოსამზადებელი სამუშაოები იწყება ხოლმე დეკემბრის დასაწყისში. საპროტესტო აქციებამდე ასეც იგეგმებოდა, თუმცა ახლა, ჯერჯერობით, არ გვაქვს ინფორმაცია, როდის დაიწყება ეს პროცესი“, – ამბობენ “თბისლერვისის” პრესსამსახურში.

გასულ წელს, თბილისის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთო. 2021 და 2022 წლებში მთავარი ნაძვის ხე პარლამენტის წინ 10 დეკემბერს განათდა.

2023 წელს თბილისის მერიას ახალი ნაძვის ხის დადგმა და მორთვა 720 ათასი ლარი დაუჯდა. მანამდე, ერთი წლით ადრე, ახალი წლის ღამეს ფეიერვერკის გამო ცეცხლი გაუჩნდა მილიონი ლარის ღირებულების ნაძვის ხეს, რომელიც თბილისის მერიამ 2019 წელს იტალიაში შეიძინა.

თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img