საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ბაადურ ჯობავამ მაკედონიის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
მათივე ცნობით, ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატზე 11-დან 9 ქულა დააგროვა, II-III ადგილი გაინაწილა და დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ჩემპიონის ტიტული სლოვენიის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ფედოსეევმა მოიპოვა, ხოლო ვერცხლი უკრაინელმა – ანტონ კორობოვმა.
„ბაადურ ჯობავა განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული. მისი არაორდინალური და გამორჩეული თამაშის სტილი ყოველთვის ბევრ მაყურებელს იზიდავს საჭადრაკო სამყაროში.
ვულოცავ ბაადურს, ლუკას, ლევანს და გიგას, წარმატებულ გამოსვლას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საჭადრაკო ღონისძიებაზე“, – განაცხადა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა.
მათივე ცნობით, ევროპის ჩემპიონატის საპრიზო სამეულისთვის ბოლო ტურამდე კიდევ ორი ქართველი მონაწილე იბრძოდა.
„ბოლო ტურში ევროპის ბრინჯაოს ბედი ორი ჩვენიანის: ბაადურ ჯობავას და გიგა ყუფარაძის შეხვედრაში გადაწყდა. მეხუთე ადგილზე ლუკა პაიჭაძე გავიდა, რაც ასევე დიდი წარმატებაა.
ელვისებურ ჭადრაკში გამართულ ჩემპიონატში ჯობავამ 13-დან 10,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატზე I-II ადგილი: ნიდერლანდელმა, ვან ფორესტმა და სერბეთის სახელით მოასპარეზე, ალექსეი სარანამ გაინაწილეს 11-11 ქულით.
ნახევარი ქულით ჩამორჩა საპრიზო სამეულს და მერვე ადგილზე გავიდა ლევან ფანცულაია.
ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში, სკოპიეში, გაიმართა და მასში 38 ევროპული ქვეყნის 398 მოჭადრაკე ასპარეზობდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.