ევროპის ანალიტიკური ცენტრების მოწოდება ევროკავშირს – ბიძინა ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს

Published:

„ჩვენ, ევროპის ანალიტიკური ცენტრები მოვუწოდებთ ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, შეაჩერონ „ქართული ოცნება“, რომელსაც საქართველო სრულად ავტორიტარული სახელმწიფოდ ქცევისკენ მიჰყავს.

მნიშვნელოვანია მოქმედება ახლა და სანქციების დაწესება მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებასა და იმ კანონებზე, რომლებიც ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველა გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მისი პარტია იღებს, სახელმწიფოს მიტაცებისა და ძალადობრივ პოლიტიკაზე. ამიტომაც, ის უნდა დასანქცირდეს ევროკავშირის მიერ; საზღვარგარეთ არსებული მისი საკუთრება უნდა გაიყინოს“, – ნათქვამია თერთმეტი ევროპული ანალიტიკური ცენტრის ერთობლივ მიმართვაში, რომელიც „გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა „უნდა იმოქმედონ ახლა, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, რაც ნიშნავს მოქმედებას 16 დეკემბრისთვის, როცა ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, რომელშიც კაია კალასი პირველად მიიღებს მონაწილეობას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის რანგში. წევრმა სახელმწიფოებმა საჭიროა მიიღონ არსებითი გადაწყვეტილებები იმ პირთა დასანქცირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე, არჩევნების გაყალბებასა და სახელმწიფოს მიტაცებაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ბერლინში ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე თავის კოლეგებთან საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და უკრაინიდან, უნდა დააყენოს საქართველოს საკითხი. ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა გაზარდოს ფასი, თუკი ის გააგრძელებს ძალადობისა და არალეგიტიმური მმართველობის გზით სვლას“.

ევროპული ანალიტიკური ცენტრების შეფასებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ხასიათდებოდა სისტემური ძალადობით ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, არჩევნების დღისთვის კი, მან „შექმნა სქემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემური მანიპულაციისთვის, რამაც მას მოუტანა ცრუ „გამარჯვება“. ამ არალეგიტიმური მანდატის საფუძველზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არათუ გაიწვია 2024 წლის მაისში მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“, არამედ 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც იყო არაკონსტიტუციური ქმედება…“.

ევროპელი ანალიტიკოსები თავიანთ მიმართვაში აღწერენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს: „ უსაფრთხოების ძალები სასტიკად სცემენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს; სულ უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ. ქვეყნის ერთპარტიულ სახელმწიფოდ ქცევისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ახლახან განაცხადეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს „ნიურნბერგის ყაიდის სასამართლოს“ მოუწყობენ“”.

ევროპის ანალიტიკური ცენტრები ფიქრობენ, რომ „ყველა აღნიშნული ქმედება მხარდაჭერილია რუსი მრჩევლების მიერ და დეზინფორმაციული კამპანიებით. უკრაინის წინააღმდეგ [რუსეთის] ომმა საქართველო კიდევ უფრო საჭირო გახადა რუსეთისთვის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი იმ სატრანზიტო გზების გამო, რომელსაც ის სთავაზობს რუსეთს და იმ როლისთვის, რომელსაც ის დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლაში ასრულებს“.

„ყოველდღე საქართველოს ხალხი გამოდის დემონსტრაციაზე თავისი ევროპული მომავლისთვის. მათ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის სჯერათ. გამაოგნებელია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები არ აღმოჩნდნენ მზად ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ამ მასობრივი ძალადობისთვის, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალადობრივი ქმედებების უამრავი საფრთხის მიუხედავად“.

ევროპული ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელთა აზრით, თუ ევროკავშირი არ იმოქმედებს უფრო გადამჭრელად ახლა, ის დაკარგავს ნდობას სამეზობლოში, რასაც მასშტაბური შედეგები ექნება მსოფლიოში ევროკავშირის პოზიციებზე:

„თუ ევროკავშირს არ შესწევს მოქმედების უნარი, ის უგზავნის სიგნალს კრემლში მყოფ და სხვა ავტორიტარული რეჟიმების ლიდერებს, რაც წაახალისებს მეტ ძალადობას, საარჩევნო მანიპულაციასა და ავტორიტარიზმს. ევროკავშირში კონსენსუსის დეფიციტი – განსაკუთრებით, როცა ამას ერთი ავტორიტარული სახელმწიფო განაპირობებს, როგორიცაა მაგალითად, უნგრეთი – უბრალოდ არ გამოდგება უმოქმედობის მიზეზად“.

ევროკავშირისადმი მიმართვის ხელმომწერები არიან: შტეფან მაისტერი, „გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭო“, სტივენ ბლოკმანსი, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (CEPS), ვოიცეხ კონონჩჟუკი, „აღმოსავლური კვლევების ცენტრი“ (OSW), ამანდა პოლი, „ევროპული პოლიტიკის ცენტრი“ (EPC), სინიკუკა საარი, „ფინეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი“ (FIIA), ჯეიმს ნიქსი, „ჩეთემ ჰაუსი“ და სხვები – ბერლინში, ტალინში, პარიზში, ვარშავაში, ლონდონში, ჰელსინკისა და რომში მოქმედი 11 ანალიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

წყარო: რადიო თავისუფლება

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img