საქართველოს მთავრობა – ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯი მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია

Published:

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების ოცამდე წარმომადგენლისთვის, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

საქართველოს ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების აღნიშნულ ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ლიეტუველი და ესტონელი ხალხის პატივისცემის გამო ამგვარი ნაბიჯის გადადგმა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჩვენი გადაწყვეტილებაა, ორივე სახელმწიფოსთან დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რათა ჩვენი მხრივ არ შევუქმნათ საფრთხე ტრადიციულ მეგობრობას ქართველ, ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს შორის.

ფართოდ არის ცნობილი, რომ ესტონეთი და ლიეტუვა არიან სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირის მასშტაბით დღეს ყველაზე მეტად აქვთ შეზღუდული სუვერენიტეტი და რომელთა მთავრობები არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ უცხო ქვეყნის ადმინისტრაციის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული სახელმწიფოების მთავრობები იძულებული არიან, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ იმოქმედონ. სამწუხაროა, რომ, დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებებმა საბჭოურ მენტალიტეტს დღემდე ვერ დააღწიეს თავი.

ჩვენს მეგობარ ესტონელ და ლიეტუველ ხალხებს ვუსურვებთ სუვერენიტეტის განმტკიცებას და ყოველივე საუკეთესოს 2025 წელს!“ – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა – 14-ს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img