„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია

Published:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იუსტიციის მინისტრს, ანრი ოხანაშვილს მოუწოდებს, არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს – მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და „ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმიანება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო მაღალი პოლიტიკური და უფლებრივი მნიშვნელობის მქონე საქმეზე დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის დემონსტრირება. სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს აბსოლუტური ხასიათის უფლებების დაცვის უმაღლესი პრინციპი და ჟურნალისტი გაწირეს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი დევნისთვის.

2024 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 9 დეკემბრის განჩინებებით დასაშვებად იქნა მიჩნეული აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და რედაქტორის აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში. სასამართლოების მიერ მიღებული განჩინებები აშკარად დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის” შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრს აქვს შესაძლებლობა ექსტრადიციის თაობაზე მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება და ჟურნალისტი არ გადასცეს აზერბაიჯანს. ამ შემთხვევაში მინისტრი ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და იგი უფლებამოსილია, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციასთან დაკავშირებით მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მოუწოდებს ანრი ოხანაშვილს, არ დაუშვას აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში და გაითვალისწინოს ჟურნალისტის მიმართ აბსოლუტური უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, ჟურნალისტების ოჯახის უსაფრთხოების და მომავლის დაცვის მაღალ ინტერესი და არ დაუშვებს მისი ექსტრადიცია;

მოუწოდებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მიანიჭოს აფგან სადიგოვს საერთაშორისო დაცვა და ამ გზით დაიცვას ჟურნალისტი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან, ასევე თვითნებური დევნისკენ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და სათანადო დროს ასევე გამოიყენებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ თავად ავგან სადიგოვის წერილი გამოაქვეყნა. წერილში ჟურნალისტი, ბოლო დროს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, ამასთან მადლობას უხდის საქართველოს დამოუკიდებელ მედიას მუდმივად მხარში დგომისთვის და მათ მხარდაჭერას უცხადებს. მისივე თქმით, „რაც არ უნდა მოხდეს ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდეს, რადგან ეს არის ყველა ბოროტების საფუძველი, სიკვდილზე უარესიც კი“.

„აზერბაიჯანში კი პოლიტიკური ვითარება გაცილებით მძიმეა. ციხეები სავსეა პოლიტიკური პატიმრებით. 20 წელზე მეტია, რაც ილჰამ ალიევის ხელისუფლება კრიმინალური, კორუმპირებული, მკვლელი, მექრთამე ჩინოვნიკებისგან შემდგარი გუნდით ძარცვავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ავიწროებს და ჩაგრავს ხალხს, სასტიკად ემუქრება პოლიტიკური პარტიების წევრებს, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს და აძლიერებს მათ წინააღმდეგ რეპრესიებს. ეს პროცესები დღეს კულმინაციამდეა მისული აზერბაიჯანში.

რაც შეეხება ჩემს შემთხვევას, აზერბაიჯანში ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობისა და გამოძიების გამო, მე და ჩემი ოჯახი მუდმივად ვიმყოფებოდით უმძიმესი დევნისა და მუქარების ქვეშ. ჩვენი ოჯახის ღირსებით გვაშანტაჟებდნენ, მცირეწლოვანი შვილების მოკვლით გვემუქრებოდნენ. ჩემს ოჯახს, რომელიც ახლა თბილისში იმყოფება, დღემდე ემუქრებიან და დევნიან, მათ სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. სწორედ აზერბაიჯანის დიქტატორის დაკვეთით ვარ საქართველოში დაპატიმრებული. აზერბაიჯანის ხელისუფლების დაკვეთით 2-ჯერ გრძელვადიანი, 3 ჯერ კი ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვიყავი და რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, როგორც პოლიტპატიმარი.

ძირს დიქტატურა! არა რეპრესიებს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!” აფგან სადიგოვი. საქართველო, თბილისის ციხე“- წერს წერილში აფგან სადიგოვი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img