აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი – “ოცნების” მოლოდინები მცდარია, მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ 

Published:

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი მათ მხსნელად მოევლინება, „მთლიანად მცდარია“. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში ეთანხმება „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც საქართველო რეგიონში არსებული კონფლიქტების პირობებში „სავაჭრო მონეტადაც აღარ ითვლება“, რომელსაც რუსეთს მიუგდებენ. კურტ ვოლკერი ანაკლიის ჩაშლილ პროექტს იხსენებს, სადაც ამერიკული ინვესტიციები უნდა შემოსულიყო და იმასაც ამბობს, რომ ტრამპის რეაქცია მკაცრი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის გლოვისას ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერების გვერდით იდგა.

– როდესაც უკრაინის ომი დაიწყო, მახსოვს, ბევრ დასავლელ დიპლომატს ვეკითხებოდი საქართველოს მომავალზე და მათი პასუხი თითქმის იდენტური იყო – საქართველოს ჭკვიანურად უნდა გაეთამაშებინა თავისი „კარტი“, რათა, როცა ომი დასრულდებოდა, დასავლეთის ბანაკში აღმოჩენილიყო, ნაცვლად იმისა, რომ ქცეულიყო ერთგვარ სავაჭრო მონეტად, რომელსაც, ცინიკურად რომ ვთქვათ, რუსეთს მიუგდებდნენ. ხომ არ აღმოვჩნდით კიდევ უფრო უარეს სცენარში, სადაც სავაჭრო მონეტადაც კი აღარ ვითვლებით?

კურტ ვოლკერი: დიახ, სამწუხაროდ, ასეა. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. დაუჯერებელია, თუ რამდენად შორს წავიდა „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის სურვილების წინააღმდეგ. მათ მთლიანად ჩახსნეს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან, ნატოზე კი საერთოდ აღარაფერს ამბობენ. აშშ-ს და დასავლეთს „გლობალური ომის პარტია“ უწოდეს, რუსეთისთვის სასარგებლო ყველა ნაბიჯს აქტიურად უჭერენ მხარს და ძირეულად ანგრევენ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

– აშშ-მა შეაჩერა „სტრატეგიული პარტნიორობა“ საქართველოსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ თითქოს დიდად არ აღელვებთ ეს ნაბიჯი. პრემიერ-მინისტრ კობახიძის სიტყვებით: „ახალი ადმინისტრაცია მოვა, ტრამპის დროს ყველაფერი სხვანაირად იქნება“. არადა, პირველი ქართველი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში ტრამპს შეხვდა, სალომე ზურაბიშვილი იყო და ძნელი წარმოსადგენია, რომ ის „ქართული ოცნების“ ინტერესებს წარადგენდა. რას უნდა ელოდოს „ქართული ოცნება“ ტრამპის ადმინისტრაციისგან?

კურტ ვოლკერი: „ქართული ოცნების“ მოლოდინები მთლიანად მცდარია. მათ ჰგონიათ, რომ ტრამპი მხსნელად მოევლინებათ და, რომ ის ღიად „ანტიამერიკული“ განწყობის მქონე მთავრობასთან ახლო ურთიერთობას აღადგენს? ეს არასდროს მოხდება. პირიქით, ტრამპის ადმინისტრაციისგან უფრო დიდი ზეწოლა მოვა დემოკრატიის აღდგენის, ჩინეთთან ურთიერთობების გადახედვისა და საქართველოს „დასავლურ გზაზე“ დაბრუნების საკითხებზე. გავიხსენოთ ანაკლიის პორტი – ამერიკული კომპანიები მზად იყვნენ პროექტისთვის, მაგრამ ახლა მას ჩინელები აშენებენ. იგივე ხდება აეროპორტთან დაკავშირებითაც. ამას გარდა, გახსოვთ, პრემიერ-მინისტრი ირანში, ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერებთან ერთად იდგა, როცა ირანის პრეზიდენტს გლოვობდნენ. ამ ყველაფერზე, ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან მკაცრი რეაქცია ექნება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img