ეუთო/ოდირის დასკვნა ერთი მხრივ პოზიტიურია და ის ნაწილებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც უკვე დავთანხმდით – ინტენსიური განხილვა იქნება ეუთო/ოდირისა და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
“არის საკითხები, რასაც შეიძლება, დავეთანხმოთ და რასაც ვერ დავეთანხმებით. თუმცა, შედეგებს კონსულტაციები გვაჩვენებს, რაზეც ეუთო/ოდირმა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. რას ვერ დავეთანხმებით? ვერ დავეთანხმებით იმას, რომ ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2/3-ის პოზიციაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, ისეთი სიტუაცია იქნება, როცა შეიძლება, გადაწყვეტილება საერთოდ ვერ მიიღო და ვერც ცესკო-ს შემადგენლობა, თუ ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია არ დაეთანხმება და ისევ საბოტაჟის რეჟიმში იქნება, რაც მათთვის ჩვეულებრივი მახასიათებელია. რაც შეეხება ნდობას, რასაკვირველია, ნდობის დეფიციტი გაჩნდა, მაგრამ ეს დეფიციტი ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია რაღაც პოლიტიკური ინტერესით და არა რეალური ვითარებით. რეალური ვითარება აბსოლუტურად სხვა არის, საქართველი ევროპული ქვეყანაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროპულ ინტეგრაციას მხარს უჭერს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების თარგმანი. კოსი აცხადებს, რომ “საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი”.